წელს საზამთროს იმპორტი გასული წლის რეკორდს იმეორებს. როგორც East-fruit-ი წერს, ამ დროისთვის ქართულ ბაზარზე სრულად იმპორტირებული პროდუქტი იყიდება, რადგან ადგილობრივი მოსავალი ივლისში მოდის.
რაც შეეხება მაისის მაჩვენებელს, იმპორტი რეკორდული იყო, ისევე, როგორც 2022-ში. მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში, საქართველოში საზამთროს იმპორტის მაჩვენებელმა 2 800 ტონა შეადგინა.
წელს ძირითადი (77%) მომწოდებელი იყო ირანი და თურქეთი (23%). ამ უკანასკნელმა ინფლაციისა და გაზრდილი ხარჯების გამო საზამთროს საექსპორტო ფასი 10%-ით გაზარდა.
ადგილობრივი ფერმერები აცხადებენ, რომ გაზრდილია ხარჯები, რაც დიდი ალბათობით ფასზე აისახება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წლევანდელი მოსავალი, რომელიც დაახლოებით ათ დღეში დაიწყება, კარგი იქნება. მოსალოდნელია, რომ წელს 1 კილოგრამი საზამთრო 0.70-0.80 ლარი ეღირება, მაშინ, როცა შარშან მისი ფასი 0.50 ლარი იყო.
ირანმა ცოტა ხნის წინ აკრძალა საზამთროს ექსპორტი. ეს ყველაფერი კი შესაძლოა, ქართული ფასებისთვის სასარგებლოც იყოს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ირანულის აკრძალვის პარალელურად, ბაზარზე თურქული საზამთრო უფრო დიდი რაოდენობით გამოჩნდეს.