ზოგადი განათლების ბაზრის მთლიანი ღირებულება 2023 წელს 1.5 მილიარდ ლარს აღემატება და ზრდაა მოსალოდნელი მომდევნო წელსაც, 11%-იანი წლიური ზრდის ტემპით. ინფორმაცია ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.
„2022/2023 სასწავლო წელს 2,086 საჯარო და 216 კერძო სკოლა ფუნქციონირებდა საქართველოში. საჯარო სკოლების რაოდენობა თითქმის უცვლელია, ხოლო კერძო სკოლების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში კლებულობს. პანდემიის მიერ შექმნილი გამოწვევების, მაღალი ფიქსირებული ხარჯებისა და მაღალი კონკურენციის პირობებში, ზოგიერთმა კერძო სკოლამ დატოვა ბაზარი ან შეუერთდა სხვა სკოლას, რამაც საერთო ჯამში კერძო სკოლების რაოდენობის შემცირება გამოიწვია. 2018 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, კერძო სკოლების წილი სკოლების ჯამურ რაოდენობაში სტაბილურად 10%-ს შეადგენდა, ხოლო 2022 წელს 9%-მდე შემცირდა.
საჯარო სკოლებთან შედარებით მოთხოვნა კერძო სკოლებზე ბოლო წლების განმავლობაში მეტად მზარდია. გამონაკლისი იყო პანდემიური წელი, როდესაც ლარის სწრაფად გაუფასურებამ ზოგიერთი კერძო სკოლის ინდექსირებული სწავლის საფასური მკვეთრად გაზარდა, მეორე მხრივ კი, მოსახლეობის შემოსავლების შემცირებამ მოსწავლეთა საჯარო სექტორში დენადობას შეუწყო ხელი. პანდემიური წლის შემდეგ შეინიშნება მოსწავლეთა რაოდენობის აღდგენა კერძო სკოლებში. მოსახლეობის შემოსავლების ანალიზმა აჩვენა, რომ საშუალოდ ქართული ოჯახი 2023 წელს, თავისი შემოსავლის დაახლოებით 37%-ს ხარჯავს კერძო სკოლის გადასახადში. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო 2020-პანდემიურ წელს, რაც შემცირებული შემოსავლებით აიხსნება. ბოლო ორი წელი ხელმისაწვდომობა კერძო სკოლებზე გაზრდილია. იქედან გამომდინარე, რომ სწავლის საფასური არ შემცირებულა, კერძო სკოლებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობა გაზრდილი საშუალო შემოსავლებით აიხსნება,“ – აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში.
კვლევის თანახმად, კერძო სკოლების ფასი მზარდია და 2022/2023 სასწავლო წელს საშუალოდ 6 500 ლარი შეადგინა. კვლევის ავტორების შეფასებით, ფასების 5-10%-იანი ზრდა მომდევნო წელსაც მოსალოდნელია.