2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10.268 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20.1 პროცენტით მეტია-ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. აქედან ექსპორტი 3.052 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 19.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 7.215 მლრდ აშშ დოლარს (გაიზარდა 20.4 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარივნისში, 4.163 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტია.
„2023 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: სომხეთი (440.0 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (413.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (343.9 მლნ. აშშ დოლარი).
2023 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 246.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (927.3 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (775.2 მლნ. აშშ დოლარი).
2023 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.6 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1.457 მლრდ. აშშ დოლარი), რუსეთი (1.271 მლრდ. აშშ დოლარი) და აშშ (820.9 მლნ. აშშ დოლარი).
2023 წლის იანვარ-ივნისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 990.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 341.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 126.0 მლნ. აშშ დოლარით (4.1 პროცენტი),“- აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-ივნისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 313.5 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 18.2 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 496.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 275.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.8 პროცენტი).