EastFruit-ის ფასების მონიტორინგის სამსახურის მონაცემებით, 21 ივლისს 1 კილოგრამი პროდუქტის ფასი 2.20 ლარი იყო, მაშინ, როდესაც ერთი კვირით ადრე მისი ღირებულება 1.20 ლარს შეადგენდა.
ფასების მატება აქამდე, ჩვეულებრივ, ივლისის ბოლოს შეინიშნებოდა, ბოლო ორი წლის დაკვირვებით კი, ამ პროცესმა ერთი კვირით ადრე გადმოიწია – მიზეზი მაღალი მოთხოვნა და სუსტი მიწოდებაა.
ახლა ფასები, მთავარი მწარმოებელი რეგიონის – შიდა ქართლის პომიდვრის მოსავლის მოცულობაზე იქნება დამოკიდებული. რეგიონი, როგორც წესი, აწარმოებს საქართველოს წლიური პომიდვრის 30-50%-ს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს აქ 14,4 ათასი ტონა პომიდორი მოიყვანეს, რაც შვიდი წლის განმავლობაში მეორე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ქვეყნის მთლიანმა წარმოებამ 2022 წელს 44,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო შვიდი წლის განმავლობაში. მიზეზი ამინდი, გაძვირებული ხარჯები და ფერმერების სხვა კულტურებზე გადასვლა იყო, რომელთა ფასებიც იმ დროს უფრო მაღალი იყო.