2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 20.1%-ით 10 მილიარდ 268 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. აქედან ექსპორტი 3 მილიარდ 053 მილიონი დოლარია, რაც გასული წლის ამავე პერიოდის ექსპორტს 19.3%-ით აღემატება. რაც შეეხება იმპორტს, რომელსაც სავაჭრო ბრუნვის ძირითადი უკავია, წლის პირველ ნახევარში იმპორტი 20.4%-ით 7 მილიარდ 215 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-ივნისში, 4 მილიარდ 163 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5%-ია.
2023 წლის პირველ ნახევარში ქვეყნის უმსხვილესი ექსპორტიორი და იმპორტიორი კომპანიების TOP-10 კომპანიის შესახებ ინფორმაცია, BM.GE-მ საქსტატიდან გამოითხოვა.
ექსპორტი და TOP-10 ექსპორტიორი კომპანია
წლის პირველ ნახევარში საქართველომ სხვადასხვა დასახელების საქონლის ექსპორტით 3 მილიარდ 053 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა კი საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.6% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული კი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: სომხეთი (440.0 მლნ დოლარი), აზერბაიჯანი (413.3 მლნ დოლარი) და რუსეთი (343.9 მლნ დოლარი). რაც შეეხება უმსხვილეს საექსპორტო საქონელს ამ პერიოდში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი 990.9 მლნ დოლარით მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, რაც მთელი ექსპორტის 32.5%-ს შეადგენს. მეორე ადგილს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 341.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.2%) იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე 126 მლნ დოლარით ყურძნის ნატურალური ღვინოებია (4.1%).
ექსპორტიორი კომპანიების TOP-10-ეული კი ასეთია: აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი; სს RMG Copper; სს რუსთავის აზოტი; შპს Caucasian Metals Terminal; შპს RMG Gold; შპს აჭარა ტექსტილე; შპს კავკასიის ავტოიმპორტი; შპს ტოიოტა კავკასია; შპს ჯეო როუდი; შპს ჯორჯიან მანგანეზი.
იმპორტი და TOP-10 იმპორტიორი კომპანია
იანვარ-ივნისში საქართველოს $7 მილიარდ 215 მილიონიან იმპორტში უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა 70.5% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 246.9 მლნ დოლარი), რუსეთი (927.3 მლნ დოლარი) და აშშ (775.2 მლნ დოლარი). უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი მსუბუქი ავტომობილების სახით იყო წარმოდგენილი, რომლის იმპორტი 1 მილიარდ 313 მილიონი დოლარი იყო და მთელი იმპორტის 18.2% იყო. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 496.8 მლნ დოლარით (იმპორტის 6.9%) იკავებდა, ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 275.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.8%).
TOP-10 იმპორტიორი კომპანიის ჩამონათვალი კი, რომლებსაც ამ პერიოდის განმავლობაში მსოფლიოს ბაზრებიდან სხვადასხვა დასახელების საქონელი შემოჰქონდათ, ასეთია: სს გეფა; შპს Caucasian Metals Terminal; შპს ავერსი-ფარმა; შპს ალტა; შპს ზუმერი ჯორჯია; შპს კავკასიის ავტოიმპორტი; შპს პსპ ფარმა; შპს რომპეტროლ საქართველო; შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია; შპს ტოიოტა კავკასია.