საქსტატის ინფრომაციით 2023 წლის მე-2 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 15.2 პროცენტით გაიზარდა და 48 მილიარდი ლარი შეადგინა.
მათივე ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2023 წლის მე-2 კვარტალში მისი მოცულობა 18.3 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.8 პროცენტით მეტია.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის მე-2 კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 737.7 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.1 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.9 პროცენტი ქალია, ხოლო 57.1 პროცენტი – კაცი.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2023 წლის მე-2 კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 914.7 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 289 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 482.4 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 215.4 ლარით).
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
- მსხვილი ბიზნესი – 2 032.6 ლარი;
- საშუალო ბიზნესი – 2 182.6 ლარი;
- მცირე ბიზნესი – 1 570.3 ლარი.