2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.8 პროცენტით გაიზარდა. აქედან ექსპორტი 4.079 მლრდ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 14.4 პროცენტით), ხოლო იმპორტი 9.925 მლრდ. აშშ დოლარს (გაიზარდა 17.8 პროცენტით). ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარაგვისტოში, 5.846 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.7 პროცენტია.
„2023 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (567.8 მლნ. აშშ დოლარი), სომხეთი (552.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (461.4 მლნ. აშშ დოლარი).
2023 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1.644 მლრდ. აშშ დოლარი), რუსეთი (1.225 მლრდ. აშშ დოლარი) და აშშ (1.190 მლრდ. აშშ დოლარი).
2023 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1.944 მლრდ აშშ დოლარი), რუსეთი (1.686 მლრდ აშშ დოლარი) და აშშ (1.240 მლრდ. აშშ დოლარი).
2023 წლის იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1.368 მლრდ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 33.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 411.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 10.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 169.3 მლნ. აშშ დოლარით (4.2 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1.957 მლრდ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 19.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 716.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 354.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.6 პროცენტი),“- აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.