2022 წელს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში შესვლაზე უარების რაოდენობა 31%-ით გაიზარდა, ხოლო 50%-ით გაიზარდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში დაბრუნების შესახებ გაცემული გადაწყვეტილებების რაოდენობაც- ინფორმაცია ევროკომისიის ვიზალიბერალიზაციის შესრულების ანგარიშშია აღნიშნული.
ევროკომისიის ცნობითვე, 2022 წელს საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით 26 450 განაცხადი გააკეთეს, რაც 81%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს (14 635 განაცხადი).
2022 წელს ამ განაცხადებზე დადებითი გადაწყვეტილებების, ანუ აღიარების დონეც გაიზარდა 5%-დან (2021 წელს) 7%-მდე (2022 წელს). ამავე წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებს მიერ საზღვრის არარეგულარული კვეთის 25 შემთხვევა დაფიქსირდა.
ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირის ქვეყნებში არარეგულარულად დარჩენის შემთხვევის რაოდენობა 87%-ით გაიზარდა -2022 წელს 21 910 ადამიანი, ხოლო 2021 წელს 11 695 ადამიანი.
31%-ით გაიზარდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში შესვლაზე უარების რაოდენობაც, კერძოდ: 3 970 უარი – 2022 წელს, ხოლო 3 030 უარი – 2021 წელს.
50%-ით გაიზარდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში დაბრუნების შესახებ გაცემული გადაწყვეტილებების რაოდენობაც, კერძოდ: 16 275 გადაწყვეტილება – 2022 წელს, ხოლო 10 820 გადაწყვეტილება – 2021 წელს.