2023 წელს 9 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დედაქალაქში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა თითქმის 5-ჯერ, 356%-ით გაიზარდა.
საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 13,227 მლნ ლარი შევიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში – 2,897 მლნ ლარი.
ასევე გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-სექტემბერში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 158,491 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის 9 თვეში – 130,567 მლნ ლარი.
გასული წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა, შესაბამისად, მოცულობის ზრდა ნაწილობრივ სწორედ ამ ცვლილებით არის განპირობებული.