მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წელს ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა პენსიის ზედა ზღვარი 560 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზრდება. ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე 2024 წლის ბიუჯეტზე საუბრისას აღნიშნა.
“მივიღეთ გადაწყვეტილება და ყოფილი პოლიციელები ჯარისკაცები, სპეცსამსახურები ანუ ძალოვანი უწყებების თანამშრომლები გაზრდილ პენსიას მიიღებენ. 560 ლარი იყო პენსიის მაქსიმალური ზღვარი და 1000 ლარამდე გაიზრდება. ასევე, საშუალოდ 20%-ით გაიზრდება ნამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის მოცულობა. გვინდა კიდევ ერთხელ მადლიერება გამოვხატოთ ჩვენი ძალოვანი უწყებების მიმართ და ეს იქნება ღირსეული პენსია, რომელიც, ეტაპობრივად, ყოველ წელს, გვინდა, შემოსავლის მიხედვით, გაიზარდოს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.