პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა შს სამინისტროს ინიციატივას, ზამთარში ე.წ. ზამთრის საბურავების გარეშე ავტომობილების მოძრაობის წესების გამკაცრებას, რომელიც ითვალისწინებს, ჯარიმას 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 5 ქულის დაკლებას.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ზამთრის პერიოდში, 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზონებში (უღელტეხილები, ასევე, მაღალმთიანი რეგიონები) დაწესდება მოთხოვნა, რომ სატრანსპორტო საშუალებას ოთხივე ბორბალი აღჭურვილი ჰქონდეს ზამთრის საბურავით. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი ამ მოთხოვნას არ შეასრულებს, მას დაეკისრება ადმინისტრაციული სანქციები – ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 5 ქულის დაკლება. საბურავების ტექნიკურ პარამეტრებს საქართველოს მთავრობა დაადგენს.
ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, რომ განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, ორ ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების ქონის ვალდებულება იარსებებს.