2023 წლის 9 თვეში საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის სექტორი 25%-ით გაიზარდა – ინფორმაცია აღნიშნულია თიბისი კაპიტალის სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის სექტორის (FMCG) განახლებულ მიმოხილვაში.
თიბისი კაპიტალმა პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის, იგივე FMCG სექტორის განახლებული კვლევა წარადგინა, რომლის მთავარი მიზანია, რომ ინვესტორებსა და კომპანიებს გააცნოს ქვეყნის აღნიშნულ სექტორში არსებული ტენდენციები და განვითარების, თუ წინსვლის პოტენციალი.
ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს, FMCG ბაზარი წლიურად 25%-ით გაიზარდა და 5,1 მილიარდ ლარს გასცდა, ბაზრის ასეთი ზრდა მის მდგრადობაზე და შემდგომი ზრდის პოტენციალზეც მიუთითებს.
კვლევის თანახმად, ფასების ინდექსი 2023 წლის განმავლობაში საკმაოდ სტაბილური იყო, ხოლო სასურსათო CPI მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დეფლაციას განიცდიდა. 2023 წლის პირველ 9 თვეში, სტაბილიზირებული ფასების ფონზე, LFL გაყიდვების 15%-იანი ზრდა, გაზრდილ მოთხოვნაზე მიუთითებს. ორგანიზებული FMCG ბაზრის შემოსავლები თბილისში 23%-ითაა გაზრდილი, ხოლო რეგიონებში 28%-ით. თუ გასულ წელს თბილისში 1 170 მაღაზია იყო, ეს რიცხვი 20%-ით, 1 405-მდე, რეგიონებში კი 912-დან 1 268-მდე, 39%-ით გაიზარდა.
ორგანიზებული FMCG ბაზრის შემოსავალთა უდიდესი ნაწილი, 61.3% კვლავ დედაქალაზე მოდის, მაგრამ ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 1% პროცენტითაა შემცირებული. დეტალური რეგიონული ანალიზის თვალსაზრისით, მეორე ადგილზე მყოფმა რეგიონმა აჭარამ, შემოსავლების კუთხით, ყველაზე დიდი ზრდა განიცადა ბოლო 9 თვის განმავლობაში.
2023 წელს აგრეთვე დაფიქსირდა FMCG ბაზრის მთლიანი მოგების ზღვრის წლიური 0.8-პროცენტიანი შემცირება. წლიური კოეფიციენტები უკეთესად აჩვენებს კომპანიებსა და ინვესტორებს ორგანიზებული ბაზრის მოთამაშეების მომგებიანობას.