საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, ახალგაზრდა ლიდერების პირველი ფორუმი გაიმართა. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ეკონომიკური ფორუმის ორგანიზებით გამართული ფორუმის მუშაობაში მთელი საქართველოს მასშტაბით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები (ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები) მონაწილეობდნენ.
ფორუმი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა გახსნეს.
„მოხარული ვართ, რომ წელს საფუძველი ჩაეყარა ახალგაზრდა ლიდერების ფორუმს, რომელიც ვიმედოვნებთ, ახალგაზრდებისთვის ყოველწლიურ, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული
ყველაზე აქტუალური საკითხების შეფასებისა და განხილვის პლატფორმად ჩამოყალიბდება. ვფიქრობ, სიმბოლურია სორედ ამ დღეებში ამ ღონისძების გამართვა, რადგან ახლა. საქართველო, კანდიდატის სტატუსის მიღებაზე გადაწყვეტილების მოლოდინში, ისე ახლო არის ევროკავშირთან, როგორც არასდროს და საქართველოს ევროპული მომავლის ყველაზე დიდი კონტრიბუტორები, სწორედ ახალგაზრდები იქნებიან, რომელთაც ახალი
შესაძლებლობები ეხსნებათ, როგორც განათლების, ისე ეკონომიკური კეთილდღეობის კუთხით.“ – განაცხადა თამარა წულეისკირმა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.
ფორუმის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შერჩეული კანდიდატები მონაწილეობდნენ შემდეგ პანელურ დისკუსიებში: ევროკავშირი და საქართველო: კანდიდატის სტატუსის მოლოდინში ევროკავშირის
პერსპექტივა: 2030 წელს ახალი წევრების მისაღებად მზადება.
წარმატებულ პანელისტებს გამოავლენს ჟიური და მათი საკვლევი თემები დაიბეჭდება ფორუმისათვის განკუთვნილ სპეციალურ ონლაინ და ბეჭდურ გამოცემაში. პანელური დისკუსიებისათვის შერჩეულ მონაწილეთათვის დამატებით ჩატარდება სამუშაო შეხვედრა/სემინარი.
გარდა ამისა, ორი საუკეთესო მომხსენებელი მონაწილეობას მიიღებს პოლონეთში დაგეგმილ სასწავლო ვიზიტში და დაესწრება „ადგილობრივი მმართველობების მე-9 ევროპულ კონგრესს“, რომელიც გაიმართება მიკოლაიკში, 2024 წლის 6-7 მარტს.
ახალგაზრდა ლიდერების ფორუმის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი, ხოლო მთავარი საერთაშორისო პარტნიორი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ნომერ პირველი ეკონომიკური ფორუმი – კარპაჩის ეკონომიკური ფორუმი (პოლონეთი).