ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარის, გიორგი შიოლაშვილის განცხადებით, პირველადი ტექინსპექტირების ფასი შესაძლოა, გაიზარდოს-საუბარია არსებული ფასის, დაახლოებით 50%-მდე ზრდაზე.
შიოლაშვილის თქმით, 5 წლის წინ დადგენილი ფასი ვეღარ პასუხობს ტექინსპექტირების ცენტრების გამოწვევებს, ამასთან, დიდია კადრების გადინების მაჩვენებელი. შესაბამისად, ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებმა აღნიშნული თხოვნით, ეკონომიკის სამინისტროს უკვე მიმართეს.
ახლა ცენტრები ითხოვენ, რომ ტექინსპექტირების საფასური გაიზარდოს, რადგან ძალიან გაიზარდა ხარჯები. მოგეხსენებათ, 5 წლის წინ დადგინდა არსებული საფასური და მას შემდეგ არ გადახედილა. მაშინ, როდესაც სახელფასო ფონდი, რაც იყო, დღეს უკვე აღარ პასუხობს მოთხოვნებს და საკმაოდ დიდია კადრების გადინება. ასევე, 5 წლის ოპერირების თავზე, თვითონ გამზომი მოწყობილობების განახლების საკითხიც აქტუალურია, რადგან არსებული მოძველდა, საჭიროებს განახლებას და საკმაოდ დიდ ინვესტიციებს. აქედან გამომდინარე, დადგა ეს საკითხი, რომ გადაიხედოს პირველადი ტექინსპექტირების საფასური. ამის თაობაზე ტექინსპექტირების ცენტრებმა უკვე მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს. მიმდინარეობს კონსულტაციები.
ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ მძიმე ტვირთად არ დააწვეს ავტომფლობელებს, მაგრამ ამავე დროს, იმდენით გაიზარდოს, ტექინსპექტირების სექტორი არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს.
საუბარია, დაახლოებით, 50%-მდე ზრდაზე (ამის ქვემოთ). კონკრეტული ციფრის დასახელებას ვერიდებით, რადგან ეს სხვადასხვა კვლევებისა და ანალიზის საფუძველზე უნდა დადგინდეს“,- აცხადებს გიორგი შიოლაშვილი.