საქართველოს მოსახლეობა ფასიანი ტელევიზიის ყურებისთვის წელიწადში 138 მილიონ ლარს იხდის – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის ანგარიშიდან ხდება ცნობილი. ფასიანი ტელევიზიის ბაზარს 729 ათასი აბონენტი ჰყავს. სტატისტიკის თანახმად, აბონენტების რაოდენობა რამდენიმე წელია თითქმის უცვლელია, თუმცა სექტორის შემოსავლები მზარდია, რაც სერვისის გაზრდილ ტარიფებს უკავშირდება.
აბონენტების რაოდენობით პირველ ადგილზეა “მაგთი”, რომელსაც ბაზრის 47%-მდე უჭირავს, ხოლო მეორე პოზიციას 36%-იანი წილით სილქნეტი იკავებს.
2023 წელს სექტორის შემოსავლები კომპანიების მიხედვით და აბონენტების რაოდენობა ასე ნაწილდებოდა:
- მაგთი – 345 ათასი აბონენტი, შემოსავალი 71 მილიონი ლარი, კლება 0.2 მლნ ლარი;
- სილქნეტი – 260 ათასი აბონენტი, შემოსავალი 54 მილიონი ლარი, ზრდა 5 მლნ ლარი;
- ახალი ქსელები – 28 ათასი აბონენტი, შემოსავალი 5.3 მილიონი ლარი, ზრდა 1.5 მლნ ლარი;
- დი+ – 43 ათასი აბონენტი, შემოსავალი 5 მილიონი ლარი, ზრდა 1.2 მლნ ლარი.
კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, ერთი მომხმარებელი ამ სერვისში 2023 წლის დეკემბერში საშუალოდ 16.85 ლარს იხდიდა, 2022 წელს ეს თანხა 16.5 ლარი, 2021 წელს კი 15.2 ლარი იყო.
ყველაზე მეტი – 317 ათასი აბონენტი თბილისშია რეგისტრირებული, 79 ათასი აბონენტი არის იმერეთში, ხოლო 66 ათასი აბონენტი კი აჭარაში. ყველაზე ნაკლები, 3,700 აბონენტი ჰყავს მაუწყებლობის ტრანზიტის სექტორს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.