ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს, – ინფორმაცია ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების გაცნობისას განაცხადა.
ქარსელაძეის თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე 4-ზოლიანი გზა მოეწყობა, რომელიც არგვეთას კვანძთან შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს.
„დასკვნით ფაზაშია რიკოთის შემადგენელი შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი, სადაც გაჭრილი და მოსახულია პროექტით გათვალისწინებული ათივე გვირაბი, 17 ხიდიდან აშენებულია 15 ხიდი და მიმდინარეობს 2 ხიდზე კოჭების მოწყობა, საფარის, საინჟინრო სისტემების და სხვა სამონტაჟო სამუშაოები. შესაბამისად, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს. მაისიდან ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქალაქ ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი, ახალი 4 ზოლიანი გზით. ბუნებრივია, გზის დარჩენილ მონაკვეთზე კი, გაგრძელდება სამუშაოები“, – განაცხადა ქარსელაძემ.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა. სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დასრულდება.
რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში, ჯამში, შენდება 52 კმ-მდე კმ გზა, 97 ხიდი და 51 გვირაბი. ამ დროისათვის, 51 გვირაბიდან უკვე გაჭრილია 50 გვირაბი და 51-ე გვირაბის გაჭრის სამუშაოები მიმდინარეობს. აქედან, 38 გვირაბით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს. ასევე, პროექტით გათვალისწინებული 97 ხიდიდან უკვე აშენებულია 89 ხიდი. 65 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.