ევროკავშირის და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით საქართველოში პირველი სასურსათო ბანკი იქმნება. აღნიშნული ბანკი პროექტის “მდგრადი სასურსათო სისტემის დანერგვა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით” ფარგლებში იქმნება.
პროექტის პირველი საპილოტე პროგრამა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განხორციელდება.
რამდენიმე დღის წინ ორგანიზაციამ People In Need (PIN), ევროკავშირთან (EU), ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და პროექტის პარტნიორებთან ერთად, საქართველოში სურსათის ნარჩენებისა და დანაკარგების შემცირებისა და სასურსათო უსაფრთხოების გაზრდისაკენ მიმართული პროექტის დაწყება აღნიშნა.
პროექტი ხორციელდება 2023-2026 წლებში და ეყრდნობა სურსათის უსაფრთხოების, ნარჩენების მართვისა და კლიმატის ცვლილების შერბილების სფეროებში PIN-ისა და წითელი ჯვრის მოძრაობის გლობალურ გამოცდილებას.
პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების გაძლიერება წარმოადგენს, რათა მათ შეძლონ მოწყვლადი მოსახლეობის იდენტიფიცირება და უზრუნველყონ მათთვის სურსათის გადანაწილება, ითანამშრომლონ ადგილობრივ ფერმერებთან და აწარმოონ სურსათის ნარჩენებისა და დანაკარგების შემცირების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიები.