“მსოფლიო ბედნიერების ანგარიში”, ტრადიციულად, 20 მარტს, გაეროს ბედნიერების საერთაშორისო დღეს გამოვიდა და მასში 2024 წლის ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგია წარმოდგენილი. ანგარიშის თანახმად, ინდექსით ყველაზე მაღალი ქულები ნორდიკულ ქვეყნებს ენიჭებათ, მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანა კი ფინეთია, რომელიც ამ ტიტულს ზედიზედ მეშვიდე წელია ინარჩუნებს.
ბედნიერების ანგარიში მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ ადგენს, რეიტინგი კი კი 2021-2023 წლებში ამ ქვეყნების მოსახლეობის მიერ საკუთარი ბედნიერების სუბიექტური შეფასებით დგება.
ყველაზე ბედნიერი ქვეყნების TOP 10
- ფინეთი – 7.741 ქულა
- დანია – 7.583 ქულა
- ისლანდია – 7.525 ქულა
- შვედეთი – 7.344 ქულა
- ისრაელი – 7.341 ქულა
- ნიდერლანდები – 7.319 ქულა
- ნორვეგია – 7.302 ქულა
- ლუქსემბურგი – 7.122 ქულა
- შვეიცარია – 7.060 ქულა
- ავსტრალია – 7.057 ქულა
საქართველო ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში 91-ე ადგილს 5.185 ქულით იკავებს. იმავე პოზიცია აქვს ქვეყანას 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის ბედნიერების რეიტინგშიც.
ჰამასთან ომის გამო ისრაელის მეხუთე ადგილი, შესაძლოა, გასაკვირიც იყოს. ისრაელი ბედნიერი ქვეყნების TOP 10-ში 2022 წლიდან ხვდება. თუმცა კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ საბოლოო ქულა ქვეყნებს 3-წლიანი საშუალოს მიხედვით ენიჭებათ, რის გამოც კონკრეტულ წელს მომხდარი მოვლენების ეფექტი ხშირად მასზე გავლენას ვერ ახდენს. შესაბამისად, მართალია, 2023 წლის ოქტომბრიდან ისრაელში ბედნიერების სუბიექტური აღქმა შემცირდა, თუმცა ამან საშუალო შეფასება მცირედით დააკორექტირა.
ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანია ბედნიერი ქვეყნების TOP ოცეულს გარეთ დარჩნენ, რაც სხვა ქვეყნებში ბედნიერების დონის ზრდამ გამოიწვია: ოცეულში ჩეხეთი, ლიეტუვა და სლოვენია მოხვდნენ. ამავდროულად, ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის ლიეტუვა მსოფლიოს N1 ბედნიერი ქვეყანაა.
30 წლამდე მოსახლეობის ბედნიერებით კი ქვეყანა 78-ე ადგილზეა, რითაც საქართველო რეგიონში მხოლოდ რუსეთს (68-ე ადგილი) და სომხეთს (72-ე ადგილი) ჩამორჩება. ამავე კატეგორიაში, 82-ე ადგილს იკავებს უკრაინა, აზერბაიჯანი – 95-ეს, თურქეთი – 101-ეს.
რაც შეეხებათ არც თუ ისე ბედნიერ ქვეყნებს, რეიტინგის ბოლო ადგილებს ლებანონი, ლესოთო, სიერა-ლეონე და კონგო ინაწილებენ. ავღანეთი კი ბოლო, 143-ე ადგილზეა.