საქსტატის მონაცემებით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მსხალი ყველაზე გაძვირებულ 10 პროდუქტს შორის მოხვდა
მსხლის იმპორტი, როგორც წლიურ, ისე თვიურ ჭრილში ისტორიულ მაქსიმუმზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველომ 1 906 ტონა (970.8 ათასი აშშ დოლარის) პროდუქტი შეიძინა, რაც გასულ წლებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
წელს იანვარ-თებერვალში 418.8 ტონა (274.2 ათასი აშშ დოლარი) მსხალი შემოვიდა, რაც ასევე, გასული წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
წელს იანვარ-თებერვალში საქართველომ 1 კგ მსხალი საშუალოდ 65 ცენტად შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საშუალოდ, 50 ცენტად.
წელს (იანვარ-თებერვალში) მსხლის იმპორტი მხოლოდ სამი ქვეყნიდან განხორციელდა. ესენია: თურქეთი – 318.4 ტონა (109.6 ათასი აშშ დოლარი), ნიდერლანდები – 91.9 ტონა (161.8 ათასი აშშ დოლარი) და უკრაინა – 8.45 ტონა (2.78 ათასი აშშ დოლარი).