დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში 2020-2023 წლებში 65 023 სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა, საიდანაც 17 339 რეგისტრირებული იყო 2023 წელს – ინფორმაცია აღნიშნულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, საშუამავლო მომსახურება მიეწოდა 2020-2023 წლებში 9 692 სამუშაოს მაძიებელს, მათ შორის 2 626 პირს – 2023 წელს.
სტაჟირების პროგრამაში ჩაერთო 91 დამსაქმებელი და 593 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის 2023 წელს – 31 დამსაქმებელი და 144 სტაჟიორი. ხოლო ხელფასის სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო 19 დამსაქმებელი და 28 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის 2023 წელს – 5 დამსაქმებელი და 14 სამუშაოს მაძიებელი.
2020-2023 წლებში, ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა 33 264 სამუშაო მაძიებელი, აქედან 15 899 – 2023 წელს. გარდა ამისა, 39 999 სოციალურად დაუცველ სამუშაოს მაძიებელს მიეცა შესაძლებლობა, დასაქმებულიყო საზოგადოებრივ სამუშაოებზე.