თურქეთი თურქმენულ გაზს საქართველოს გავლით მიიღებს – მხარეები უკვე შეთანხმდნენ.
ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალფარსლან ბაირაქტარმა ხელშეკრულება აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაილ ჯაბაროვთან გააფორმა, რასაც Anadolu ავრცელებს.
„დღევანდელი შეთანხმება ბუნებრივი გაზის სფეროში თანამშრომლობის ახალი ეტაპია. ის უზრუნველყოფს 2030 წლამდე თურქეთისთვის აზერბაიჯანული გაზის დამატებითი მოცულობის, ასევე, კასპიის ზღვის გაზის რესურსების მიწოდებას. ამასთან, თურქეთის გავლით გაზის ნაწილს ევროპას მიაწვდიან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხელშეკრულების ფარგლებში მივაღწიეთ შეთანხმებას აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით თურქმენული ბუნებრივი აირის თურქეთში ტრანსპორტირებაზე,“ – აცხადებს ბაირაქტარი.
ბაირაქტარის თქმით, თურქეთი და აზერბაიჯანი ბაქო-თბილისი-ერზრუმისა და ტრანსანატოლიური გაზსადენის (TANAP) ერთობლივი პროექტების ფარგლებში თანამშრომლობას განაგრძბენ. მინისტრის განცხადებით, ამ პროექტების შედეგად ბაქო და ანკარა არა მხოლოდ უზრუნველყოფენ საკუთარი მიწოდების ჯაჭვების უსაფრთხოებას, არამედ ევროპის ენერგომომარაგების უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.
ბაირაქტარი ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში განიხილავდა ალტერნატივად საქართველო-აზერბაიჯანის გზას თურქეთში და თურქეთიდან ევროპაში თურქმენული გაზის მისაწოდებლად. მისი მონაცემებით, თავდაპირველად თურქმენეთიდან 2 მლრდ კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება იქნება შესაძლებელი.
ალფარსლან ბაირაქტარი აცხადებს, რომ ამ გაზსადენით ბუნებრივი აირი წლევანდელ ზამთარს პირველად მიეწოდება აზერბაიჯანულ ანკლავ ნახიჩევანსაც, რაც იგდირი-ნახიჩევანის მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით მოხდება.