2024 წლის მაისში თურქეთმა ახალი ხილბოსტნეულის ექსპორტი 14%-ით გაზარდა. ხილბოსტნეულის ექსპორტიორთა ხმელთაშუა ზღვის ასოციაციის პრეზიდენტ ფერჰატ გურუზის თქმით, ძირითად საექსპორტო ბაზრებს წარმოადგენდა რუსეთი, ერაყი და გერმანია, ამასთან, ზრდა დაფისქირდა საქართველოს, ლიბიისა და ჩეხეთის ბაზრებზეც.
არა მხოლოდ მიმდინარე წლის მაისში, არამედ სხვა თვეებშიც საქართველოში იმპორტირებული პომიდვრის უდიდესი წილი სწორედ თურქეთზე მოდის. საქსტატის მონაცემებით, წელს 3.775 მლნ დოლარის ღირებულების პომიდორი შემოვიდა, რაც თურქეთის მთლიანი ექსპორტის (28,6 მლნ დოლარი) 13%-ს შეადგენს.
2024 წლის მაისში წინა წელთან შედარებით 69%-ით არის გაზრდილი პომიდვრის იმპორტი.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის მაისში საქართველომ თურქეთში 2.223 მლნ დოლარის ღირებულების 5 550 ტონა პომიდორი იყიდა, მიმდინარე წლის მაისში კი 3.755 მლნ დოლარის ღირებულების 5 254 ტონა.
გასულ წელს ერთი კილოგრამი თურქული პომიდვრის იმპორტი (გადასახადების გარეშე) საშუალოდ 40 ცენტი დაჯდა, 2024 წლის მაისში კი 71 ცენტი.
აღსანიშნავია, რომ როგორც წელს, ასევე 2023 წლის მაისში საქართველოში პომიდვრის იმპორტი მხოლოდ თურქეთიდან განხორციელდა.