წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით 5 ივლისს გაიმართა: Business summit 2024, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დატვირთული იყო მნიშვნელოვანი/საინტერესო აქტივობებით.
აღსაღნიშნავია ის ფაქტი, რომ სამიტი მოიცავდა საოკუპაციო ზოლთან მდებარე ბიზნესების და მეწარმე ქალების მხარდასაჭერ პროექტს, რაც ითვალისწინებდა იმას, რომ მთელი დღის განმავლობაში საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა/გაყიდვა განხორციელდა.
“საინტერესო ღონისძიება იყო, მრავალფეროვანი და წარმატებული მონაწილეებით. მსგავსი ღინისძიებები და მათში მონაწილეობა, ჩვენთვის დამწყები მეწარმეებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, რათა გავაცნოთ ჩვენი ნაწარმი აუდიტორიას. კომპანია “ფაჩუჩის” დამფუძნებლები ვართ: ელენე ბლიაძე და დეიდა ნათია ქვრივიშვილი. სახელოსნო, სადაც ფაჩუჩებს ვამზადებთ მდებარეობს შიდა ქართლში, საზღვრისპირა სოფელ დირბში. ნივთებს საჩუქრებად ვამზადებდით და შეკვეთებს ვიღებდით სანაცნობო წრიდან. 2020 წლიდან გადავწყვიტეთ ჩვენი გატაცება შემოსავლის წყაროდ გვექცია, მოზიდეთ დაფინანსება და ჩვენს ეზოშივე ავაშენეთ სახელოსნო. ვამზადებთ სხვადასხვა ნივთებს, მაგრამ მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე ძირითადი აქცენტი გავაკეთეთ ფაჩუჩზე, რომელიც მზადდება ქართული 100% ნატურალური მატყლისგან, ვთელავთ სველი წესით, რაც აისახება მის გამძლეობასა და ხარისხზე. დიზაინში ვიყენებთ ქართულ ორნამენტებს და რა თქმა უნდა ვითვალისწინებთ მომხმარებლის სურვილებსაც. გვსურს ჩვენი ნაწარმი გავიდეს უფრო ფართო მასშტაბიან ბაზარზე, გავზარდოთ ცნობადობა, რაც მნიშვნელოვანია რადგან საქართველოში, როგორც მზარდი ტურიზმის ქვეყანაში ხელნაკეთ ნივთებზე მოთხოვნილება იზრდება, როგორც ტურისტების ისე ადგილობრივი მომხმარებლების მხრიდან” – ელენე ბლიაძე, კომპანია “ფაჩუჩის” დამფუძნებელი