ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, ამ პერიოდში სემეკს მხოლოდ ერთხელ მიეცა საშუალება დაედგინა ტარიფი და დღემდე ეს ტარიფია, რომელიც საკმაოდ დაბალია და ის ბევრი ხარჯის ანაზღაურებას ვერ უზრუნველყოფს: „მაგრამ 2025 წლის ბოლოდან, როდესაც მისი შეცვლა უკვე შესაძლებელი გახდება, შემოვა ახალი ტარიფი, რომელიც ღია და გამჭვირვალე პრინციპით დადგინდება. დიდი ალბათობით ფასი მომატებული იქნება, რომელიც შესაძლოა, სახელმწიფომ დაასუბსიდიროს, წინასწარ ამაზე ვერ ვისაუბრებთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
„რაც შეეხება სავარგულებს, არსებობს კანონი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც არიან გარკვეული გაერთიანებები და ამ გაერთიანებას შეიძლება ჰქონდეს ერთი მრიცხველი და მერე შიგნით გაკეთდეს თანხის ანგარიშწორების ორგანიზება. გამრიცხველიანების საპილოტე პროგრამა უკვე დაწყებულია და ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.
ჩვენ ასევე ვაკვირდებით ჰიდროელექტროსადგურებს, სადაც წლიდან წლამდე მოდინებული წყლის მოცულობა იკლებს. თუმცა ამ კაშხლებისთვის ყველაზე ცუდი, ანუ მშრალი, 2020 წელი იყო. მას შემდეგ სიტუაცია დარეგულირებულია, მეტიც, ხდება ელექტროენერგიის ექსპორტი მეზობელ თურქეთსა და სომხეთში, კომპანიებისთვის, რომლებსაც აქვთ ეს ჭარბი ენერგია და ყიდიან, ეს დამატებითი შემოსავალია, ქვეყანაში კი დამატებით ვალუტა შემოდის. 2023 წელიც რომ ავიღოთ, წინა წელთან შედარებით ექსპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და მეზობელ ქვეყნებში უფრო მეტი ენერგიის გატანა მოხდა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ გადაცემაში „საქმე“.