PMC კვლევითი ცენტრი დასაქმების განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვით, 2022 წლის მარტში ხელფასის მიმღები ადამიანების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.9%-ით გაიზარდა, ხოლო 2020 წლის მონაცემებთან შედარებით მათი რაოდენობა 5.3%-ით არის გაზრდილი.
საერთო ჯამში, 2021 წლის IV კვარტალში ქვეყანაში სამუშაო ძალა 1.53 მილიონ ადამიანს შეადგენდა, აქედან 1.24 მილიონი დასაქმებული იყო, უმუშევართ რაოდენობა 291,000 შეადგენდა. აღნიშნულ პერიოდში საშუალო ნომინალური ხელფასი 1 463 ლარს შეადგენდა, უმუშევრობის დონე კი 19%-იან ნიშნულზე იყო.
0-600 ლარამდე თვიურ ხელფასს 228,000 მოქალაქე იღებს; 600-1200 ლარამდე ხელფასს – 249,000 მოქალაქე; 1200-2400 ლარამდე თვიურ ხელფასს იღებს 266,000-მდე დასაქმებული; 173,000 მოქალაქეს კი 2400 ლარზე მეტი ხელფასი აქვს.
PMC-ის ინფორმაციით, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე ყოველთვიურ ხელფასს, დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 24%-ს შეადგენდა. აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წელთან შედარებით 2.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.