სამშენებლო კომპანია „არქი“ აცხადებს, რომ იძულებულია, ბინებზე ფასები გაზარდოს, ამის მიზეზად კი გაზრდილ დეველოპერულ ხარჯებს უკავშირებს. როგორც კომპანია „არქიში“ აცხადებენ, 20%-ით გაძვირდა არმატურა, 15%-მდე – ბეტონი, ასევე 20%-მდეა გაზრდილი მუშახელის ღირებულებაც. სამშენებლო მასალების გაძვირება კი არის მთავარი მიზეზი, რატომაც, როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი ამბობს, ამ ეტაპზე კვ/მ ფართის გასაყიდი ფასი 10-12%-ის ფარგლებშია გაზრდილი. გარდა ამისა, საკმაოდ გაძვირდა და გართულდა ლოგისტიკაც; ამანც გამოიწვია თვითღირებულების ზრდა. კომპანიაში განმარტავენ, რომ ზემოაღნიშნული მიზეზები იწვევენ ბაზარზე გასაყიდი უძრავი ქონების ფასის ზრდას, შესაბამისად, არც „არქი ჯგუფია“ გამონაკლისი და იძულებულია, გასაყიდი ბინების ფასი გაზარდოს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ბინების გასაყიდი ფასი გაიზარდა 10-12%-ით. თუ ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, როგორც „არქი“-ში განმარტავენ, პროპორციულად მოიმატებს უძრავი ქონების ღირებულება, თუმცა, პარალელურად, კომპანიის ხელმძღვანელობა აღნიშნავს, რომ უკანასკნელი ორი კვირის მონაკვეთში, ფასების ზრდის ტენდენცია შენელდა.