საქართველოში “ბილაინის” ქსელის მფლობელი იცვლება – შესაბამის გადაწყვეტილებას დღეს კომუნიკაციების ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ დაუჭირა მხარი. კომისიის სხდომიდან ირკვევა, რომ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ქართველი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია ხდება, რომელმაც წილის ნასყიდობის თაობაზე კომისიას 4 აპრილს მიმართა.
სხდომის ოქმის თანახმად, “ბილაინი” ამჟამად ეკუთვნის VEON Georgia Holding B.V.-ის, რომელიც, თავის მხრივ, ფლობს ორ კომპანია WATERTRAIL INDUSTRIES LTD-სა და Investico Alliance LTD-ს, ხოლო მათი მეშვეობით “ვიონი საქართველოს” ანუ “ბილაინის” მესაკუთრეა. WATERTRAIL INDUSTRIES LTD-ის “ვიონი საქართველოს” – 71%, ხოლო Investico Alliance LTD-ის “ვიონი საქართველოს” 29%-იანი წილი ეკუთვნის. შესაბამისად, ორივე ამ კომპანიის 100%-იანი წილის ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას მიერ შესყიდვა ნიშნავს იმას, რომ “ვიონი საქართველოს” 100%-იანი მესაკუთრე ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია ხდება.
“საკითხის შესწავლის საფუძველზე, კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ ხვიჩა მაქაცარიას მიერ აღნიშნული კომპანიების წილების შეძენა ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე გავლენას არ მოახდენს და აღნიშნული ტრანზაქცია თავსებადია ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ წილების გასხვისებაზე წინასწარი თანხმობის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო,”- ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.
“ვიონი საქართველო” აქამდე საერთაშორისო ჯგუფ „VEON“-ში შედიოდა. „VEON“ ნიდერლანდებშია რეგისტრირებული, თუმცა მისი აქციების 47.9%-ს „Letterone Investment Holdings S.A“ ფლობს, რომლის დამფუძნებელი და მაკონტროლებელი რუსი ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია – ის მარტიდან მოყოლებული სანქცირებულია. უცნობია, უკავშირდება თუ არა აქტივების გასხვისება სწორედ საერთაშორისო სანქციებს.
“ვიონი საქართველოს” აქტივები 120 მილიონ ლარს შეადგენს; 2020 წელს ამ კომპანიამ 92 მლნ ლარის ზარალი ნახა, 2019 წელს კი – 40 მლნ ლარის. 2021 წელს კი “ვიონის” შემოსავალი 100.5 მილიონი ლარი იყო. კომპანიას 1,279,951 აბონენტი ჰყავს.
ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია “ვიონი საქართველოს” აქციონერი წარსულშიც იყო და ის ფირმა Miren Invest-ის მეშვეობით კომპანიის 20%-იან წილსაც ფლობდა.