1853 წელს დაარსებულ ჯინსის ტანსაცმლის მსხვილი მწარმოებლის, Levi Strauss & Co-ს პირველი მაღაზია რუსეთში 1993 წელს გაიხსნა. დღეისთვის, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ქვეყანაში 90-მდე Levi’s-ის მაღაზიაა, რომელთაგან ზოგიერთი ფრენჩაიზია. 2021 წელს ჯგუფის მთლიანმა შემოსავალმა 5,8 მლრდ დოლარი შეადგინა. აქედან კომპანიის ბიზნესის რუსული ნაწილი 2%-ს არ აღემატება. ბრენდის მმართველ კომპანია Levi Strauss Moscow-ს 2021 წელს 9,37 მლრდ რუბლის (155,863,774.10 დოლარის) ბრუნვა და 2,29 მლრდ რუბლის (38,151,937.58 დოლარის) სუფთა მოგება ჰქონდა.
უკრინაში რუსეთის შეჭრის გამო, მარტში Levi’s-ის სათაო ოფისმა რუსეთში კომერციული საქმიანობისა და ნებისმიერი ინვესტიციის შეჩერების შესახებ განაცხადა. მოგვიანებით Levi Strauss & Co-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩიპ ბერგმა Financial Times-ს განუცხადა, რომ 2022 წელს რუსეთში Levi’s-ის მაღაზიები მუშაობას აღარ განაახლებენ.
Levi’s-ის მიერ რუსეთის ბაზრის დატოვების გადაწყვეტილება „კომერსანტის” მოდის ბაზრის რამდენიმე წყარომ დაუდასტურა. ისინი ამბობენ, რომ კომპანია მყიდველს რუსეთის მაღაზიების ნაწილისთვის ეძებს, ხოლო მიწოდების შეწყვეტის შემდეგ დარჩენილი საქონლის გაყიდვას სხვა პლატფორმებით გეგმავს.