ქართველმა ფერმერებმა ალუბლის მოსავლის აღება უკვე დაიწყეს. სეზონის დასაწყისში ფასები მოსალოდნელზე მაღალია. ფერმერების თქმით, როგორც წინა სეზონზე, 2022 წლის გაზაფხულიც მკაცრი იყო, რამაც განსაკუთრებით დააზარალა ადრეული მოსავალი კახეთში.
ბაზარზე ამ დროისთვის 1 კილოგრამი ალუბლის ფასი 12-დან 17 ლარამდე მერყეობს.
მაისში, ალუბლის ფასები სეზონის განმავლობაში ყველაზე მაღალია, მაგრამ ის სწრაფად იწყებს კლებას. 2021 წლის სეზონი ოდნავ განსხვავებული იყო, ალუბალი ბაზარზე მაისის შუა რიცხვებში გამოჩნდა და ჩვეულებრივზე მაღალი ფასები დიდხანს გაგრძელდა. მოსალოდნელია, რომ მაღალი ფასები გაგრძელდება ამ სეზონზეც, რადგან ამინდმა უარყოფითად იმოქმედა ხარისხსა და მოსავლიანობაზე.
ქართველ ფერმერებში ალუბლის ბაღების მზარდი პოპულარობით, იზრდება საქართველოდან ალუბლის ექსპორტიც. 2020 წელს საქართველოს ყველაზე მეტი ექსპორტი ჰქონდა ბოლო სამი წლის განმავლობაში და მისმა მოცულობამ 500 ტონას მიაღწია. გაყიდვების ძირითადი ბაზარი რუსეთი იყო, მაგრამ 2022 წელს ზოგიერთი ექსპორტიორი გეგმავს ექსპორტის გაზრდას არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.
კომპანია „აგროსტორის“ წარმომადგენლის, ზურაბ ალავიძის თქმით, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ალუბლის გატანას გეგმავს, კომპანია კახელი ფერმერებისგან საექსპორტო ხარისხის ალუბლის შეგროვებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. მიუხედავად იმისა, რომ მყიდველების მოთხოვნა მაღალია, განსაკუთრებით წელიწადის ამ დროს, როდესაც მიწოდება ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნებიდან, როგორიცაა თურქეთი, დაბალია. კახელი ფერმერები დაუზიანებელი ხილის ექსპორტისთვის მინიმალურ მოცულობასაც ვერ უზრუნველყოფენ.
წყარო : bpn.ge