საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის I კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.9% შეადგინა, ხოლო მშპ-ის დეფლატორი 8.7%-ით გაიზარდა.
საქსტატის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში მშპ-ის მოცულობა მიმდინარე ფასებში 14,354 მლნ ლარს გაუტოლდა.
2022 წლის პირველ კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება (29.4%), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (54.7%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (47.9%), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (70.3%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა (8.9%), დამამუშავებელი მრეწველობა (13.2%), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (18.8%), განათლება (18.2%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (7.4%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (21.1%), მშენებლობა (7.3%), სამთომოპოვებითი მრეწველობა (24.9%).
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (14.8%) და დამამუშავებელი მრეწველობა (12.0%). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.1%), სახელმწიფო მმართველობა (7.3 პროცენტი), მშენებლობა (7.1%), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.3%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (5.6%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.5%).
დაზუსტებულ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2022 წლის 15 ნოემბერს გამოაქვეყნებს.