21 ივნისს, , ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხში პირველად გაიმართა „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესფორუმი 2022“ .
ფორუმს დაესწრო 200-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების, სხვადასხვა სექტორული ბიზნესის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სპეციალური სივრცე დაეთმო პირისპირ შეხვედრებს (B2B) ფორუმის მონაწილეებს შორის. ასევე, პარალელურად მოეწყო წარმატებული ევროპული კომპანიების პროდუქციის გამოფენა.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა ევროპული ბიზნესგარემოს კვლევის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია, რომელიც ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ მომზადდა, კვლევაში თავმოყრილია ქვეყნის განვითარების სამომავლო ნაბიჯები და შეფასებულია რეფორმები როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლების პერსპექტივიდან. გარდა ამისა, ფორუმის ფარგლებში მოხდა ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმის კონცეფციის წარდგენა, რომელიც შექმნის უნიკალურ მექანიზმს ბიზნეს სექტორის გაერთიანებებს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად.
„ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ფართო და ფორმალიზებული თანამშრომლობის საჭიროებას ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს შორის. ევროკავშირი დიდი ხანია უწყობს ხელს ბიზნესის ძლიერი და ერთიანი ხმის ჩამოყალიბებას საქართველოში. სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისა რომ ევროპული ბიზნეს ასოციაციასთან ერთად შეგვექმნა ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმა, რომელიც წინ გადადგმული ნაბიჯია ამ ამბიციური გეგმის შესასრულებლად“ – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.