ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი კოჭლამაზაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ იმ ძირითად სამ ნაბიჯზე ისაუბრა, რომლის საშუალებითაც ქვეყანაში ხორბლის წარმოების გაზრდაა შესაძლებელი. როგორც მან აღნიშნა, შესაბამისი 8-პუნქტიანი გეგმა უკვე მომზადებულია, რომელთაგან ძირითადი სამი, ასე გამოიყურება:
„გარკვეული შესაძლებლობა არსებობს ქვეყანაში, რომ გაიზარდოს სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი, იგივე ხორბლის მიმართულებით. ამაზე ჩვენ პუბლიკაციაც გამოვაქვეყნეთ, სადაც 8 პუნქტია მოცემული, რაც სასურველია, გათვალისწინებული იყოს სახელმწიფოს მიერ.
დავიწყოთ მიწებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მიწების გამსხვილების წახალისება. იმიტომ, რომ დაბალი დანახარჯებით, დიდი მოსავლისა და მაღალი მოგების მიღება შესაძლებელია შედარებით უფრო მსხვილ მიწებზე. აქედან გამომდინარე, მიწების კონსოლიდაციის მიმართულებით სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯები. თუნდაც, იგივე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების კუთხით.
ასევე მნიშვნელოვანი, თანამედროვე სათესლე მასალის შემოტანა, რათა გავზარდოთ პროდუქტიულობა, საჰექტარო მოსავლიანობა, რაც მოგვცემს საშუალებას, აქცენტი გავაკეთოთ უფრო ხარისხობრივ ზრდაზე. იმიტომ, რომ მოგეხსნებათ, ხშირად არის საუბარი, რომ ჩვენი ხორბალი უფრო ნაკლებად გამოიყენება იგივე პურ-პროდუქტებში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია რომ ხარისხი გაიზარდოს.
ასევე, თანამედროვე სოფლის მეურნეობაში ვერ გავექცევით კლიმატის ცვლილებებს, ამიტომ, მნიშვნელოვანია, იმ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, რაც საშუალებას მოგვცემს, ფეხი ავუწყოთ იმ გამოწვევებს, რაც არსებობს მსოფლიოში“,- განაცხადა რატო კოჭლამაზიშვილმა.