26-28 ოქტომბერს, თბილისში განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) უმასპინძლებს.
კონფერენციის მიზანია განახლებადი ენერგიის სექტორისადმი ინვესტორების ინტერესის გაზრდა და ახალი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. კონფერენციის ორგანიზატორები არიან ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) პროექტი – ევროკავშირი ენერგეტიკისთვის EU4Energy და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA). კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი.
სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის დისკუსიები სხვადასხვა ქვეყნებში განახლებადი ენერგიის პოლიტიკისა და განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კლიმატის შესახებ. კონფერენციის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა ინვესტორებს წარუდგინონ განახლებადი ენერგიის პოტენციური საინვესტიციო პროექტები. კონფერენციის მესამე დღე მიეძღვნება სემეკის 25 წლის იუბილეს.
კონფერენციაზე განახლებადი ენერგიის სექტორის მიმართულებით მომუშავე და პოლიტიკის განმსაზღვრელ პირებს, ექსპერტებს, მარეგულირებლებსა და ინვესტორებს შესაძლებლობა ექნებათ იმსჯელონ განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ენერგიის მნიშვნელობაზე ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციისთვის. ასევე, განხილული იქნება განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ენერგიის ხელშემწყობი და წამახალისებელი მექანიზმები, როგორიცაა საინვესტიციო დახმარება, გადასახადისგან გათავისუფლება ან შემცირება, გადასახადის დაბრუნება, მწვანე სერტიფიკატი თუ პირდაპირი ფასის მხარდამჭერი სქემები, რომლებიც სპეციალურ მწვანე ტარიფსა და პრემიალურ ტარიფს მოიცავს, მიმართულია განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების სტიმულირებისა და ინვესტორების ინტერესის გაზრდისკენ.
ენერგეტიკის სექტორში მსოფლიო მასშტაბით განვითარებული მოვლენებისა და რყევების ფონზე, განახლებადი ენერგიის წყაროების მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება. განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ენერგია, არამხოლოდ ეხმარება ქვეყნებს შეავსონ წარმოქმნილი ენერგიის დეფიციტი, არამედ წარმოადგენს კლიმატის ცვლილებების საპასუხოდ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რომელიც ემსახურება კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობისა და სათბურის გაზების დაბალემისიიანი განვითარების უზრუნველყოფის შესახებ პარიზის შეთანხმების გლობალური მიზნების მიღწევას. ამ ამბიციური მიზნების მისაღწევად და ემისიების მნიშვნელოვნად შესამცირებლად საჭიროა ფართომასშტაბიანი ინვესტიციების განხორციელება. შესაბამისად დღის წესრიგში დგას მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მოზიდვა, ახალი ტექნოლოგიური ჩარჩოების შექმნა და სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო აქტორებს შორის შესაძლებლობების გაძლიერება.
სემეკი არის ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) ასოცირებული წევრი, ხოლო ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) სრულუფლებიანი წევრი. ERRA-ს მეორე ვადით ხელმძღვანელობს სემეკის წევრი, მაია მელიქიძე.