ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში, ქართული ღვინისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას 140 სტუმარი დაესწრო, რომელთა შორის იყვნენ მეღვინეობის დარგის ადგილობრივი ექსპერტები, მედიის წარმომადგენლები, იმპორტიორები და ინფლუენსერები, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს ქართული ღვინის ისტორია და კულტურა ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ მეტრეველმა წარუდგინა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ კორეის ბაზარზე უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ მარკეტინგულ აქტივობებზე ისაუბრა, რომელიც ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გააღრმავებს ეკონომიკურ ურთიერთობებს და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ბაზრის დივერსიფიკაციას. აღინიშნა, რომ 2021 წლის მონაცემებით, კორეის რესპუბლიკაში საქართველოდან ექსპორტირებულია 84,470, ხოლო 2022 წლის 8 თვის მონაცემებით კი, 43,900 ბოთლი ღვინო.
ღონისძიების ფარგლებში, ქართული ღვინის პროფესიული მასტერკლასი და პრეზენტაცია გაიმართა. კორეის ბაზარზე მსგავსი მასშტაბის ღონისძიება, რომელიც მიმართულია ქართული ღვინისა და მეღვინეობის უნიკალური ისტორიისა და კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლებისკენ, ჯერ არ განხორციელებულა, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 21 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები.
ქალაქ სეულში, ქართული ღვინისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Wine 21″ ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. „Wine21” კორეის რესპუბლიკაში ღვინის ყველაზე მსხვილი ონლაინ პორტალია, რომელიც შექმნილია დარგის ექსპერტების მიერ და მომხმარებლებს სთავაზობს ამომწურავ ინფორმაციას კორეის ბაზარზე არსებული ღვინოების შესახებ. კომპანია ასევე ახორციელებს PR და მარკეტინგულ საქმიანობას.