საქართველოთი პოლონური კომპანიები ინტერესდებიან – ინტერესი იზრდება როგორც სავაჭრო, ასევე საინვესტიციო მიმართულებით, ამავდროულად იზრდება ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვაც.
კოსმეტიკა, ფარმაცია, რძის პროდუქტები, სამშენებლო სექტორი – ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებშიც პოლონური კომპანიები საქართველოში ინვესტიციებს დებენ. თავის მხრივ, ქართული კომპანიები პოლონურ ბაზარზე, უმეტესად, ღვინის სექტორში არიან წარმოდგენილი. უახლოეს პერიოდში კი, ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება საავტომობილო ბიზნესში იგეგმება. ავტოინდუსტრიაში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა განიხილება ღონისძიებაზე, რომელიც პოლონეთის ეკონომიკისა და ტექნოლოგიების სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება, პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისის, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოსთან პარტნიორობით იმართება. ღონისიების მიზანია ქართულ და პოლონურ წამყვან კომპანიებს შორის ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობა და წახალისება.
პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, გვანცა გრიგალაშვილმა კი „ბიზნესპარტნიორთან“ იმ სექტორებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებშიც ორ ქვეყანას უკვე აქვს თანამშრომლობა. მისი თქმით, პოლონური კომპანიები ქართულ ბაზარზე აქტიურად არიან წარმოდგენილები სამშენებლო სექტორში, ფარმაცევტულ სფეროში, კოსმეტიკის მიმართულებით, რძის პროდუქტებში და სხვა… საინვესტიციოდ მიმზიდველი სექტორების სია კი, უახლოეს პერიოდში, კიდევ უფრო გაიზრდება.