დუბაიში შესაძლოა გრანდიოზული კურორტი ააშენონ, რომელსაც მთვარის დიზაინი ექნება. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, პროექტზე კომპანია MOON World Resorts-ი მუშაობს. ისინი სასტუმროს აშენებას კუნძულ პალ ჯუმეიაზე გეგმავენ, გაყინულ პროექტ Dubai Pearl-ის ადგილას.
პროექტის რეალიზაციის ღირებულება 5 მილიარდ დოლარად ფასდება. MOON World Resorts-ში ამბობენ, რომ პირველი ასეთი „მთვარე“ დედამიწაზე სავარაუდოდ 2027 წელს გაიხსნება.
გარედან სასტუმროს რეალისტური კრატერებითა და მთვარის ზედაპირისთვის დამახასიათებელი ტექსტურით გააფორმებენ. შიგნით კი რესტორნები, სპა-ცენტრები, ატრაქციონები განთავსდება, რომლებიც მთვარის თემატიკის მიხედვით იქნება აწყობილი. მათ შორის, იქნება სივრცე, რომელიც სტუმრებს მთვარის „ზედაპირზე“ გასეირნების საშუალებას მისცემს. სავარაუდოდ, ეს სიამოვნება მათ 500 დოლარი დაუჯდებათ.