2022 წლის აგვისტოში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით 6900-მდე ახალი საწარმო, რაც დაახლოებით 92%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, – ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„2022 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის 10.5%-იანი ზრდა, აქედან გამომდინარე, 2022 წლის 8 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 10,3%. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის ტენდენციები შეინიშნებოდა ტრანსპორტისა და დასაწყობების, მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, სასტუმროებისა და რესტორნების, ასევე ვაჭრობის და საფინანსო საქმიანობის სექტორებში. მიუხედავად ამისა, კლების ტენდენცია გამოვლინდა დამამუშავებელი მრეწველობის, ასევე უძრავი ქონების ოპერაციების სექტორებში. 2022 წლის 8 თვეში საქონლის ექსპორტი გაიზარდა დაახლოებით 37%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი გაზრდილა 36.5%-ით. მიმდინარე წლის აგვისტოში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით 6900-მდე ახალი საწარმო, რაც დაახლოებით 92%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს“, – განაცხადა თოდრაძემ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, საგარეო ვაჭრობის ზრდის პარალელურად, გაიზარდა სატრანსპორტო დამუშავებისა და დასაწყობების მაჩვენებელიც, რამაც დადებითი წვლილი შეიტანა აგვისტოს თვის ეკონომიკურ ზრდაში.
„ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდის ტენდენციები ძირითადად დაკავშირებული იყო საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული მომსახურების სექტორში განხორციელებული მომსახურების მოცულობის ზრდასთან. ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა ასევე სასტუმროებისა და რესტორნების სექტორშიც, რაც დაკავშირებული იყო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების ზრდასთან. კერძოდ, მიმდინარე წლის აგვისტოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა დაახლოებით 742 ათასი ვიზიტი“-განაცხადა თოდრაძემ.