აჭარაში ციტრუსის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში 15 ნოემბრიდან შევა. რეგიონში უკვე ამოქმედდა საკოორდინაციო შტაბი. 25 ნოემბრიდან კი, აჭარაში არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება.
პროგრამის ფარგლებში, 1 კილოგრამი პროდუქტის ფასი ფიქსირებული იქნება და 0,20 ლარს შეადგენს, აქედან 0,15 ლარი აჭარის ბიუჯეტიდან დასუბსიდირდება, დანარჩენ თანხას კი ფერმერები მყიდველისგან მიიღებენ.
რეგიონის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღეისათვის პროგრამის ერთადერთი მონაწილე ქობულეთის საკონსერვო ქარხანაა, რომელმაც მზადყოფნა არასტანდარტული ხილის „შეუზღუდავი რაოდენობით“ მიღებისა და გადამუშავების შესახებ უკვე გამოაცხადა. შეძენილი ნედლეულიდან ქარხანა მანდარინის კონცენტრატს აწარმოებს, რომლის უმეტესი ნაწილი ექსპორტზე გადის.
არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა აჭარაში რამდენიმე წელია ხორციელდება. გასულ წელს, მსგავსი სახით 9 ათასი ტონა მანდარინის შეძენა-გადამუშავება მოხდა.
რაც შეეხება ზოგადად ქართული მანდარინის ექსპორტს, (ადგილობრივ ექსპორტს) 2021 წელს საქართველოდან მთლიანად 44 240 ტონა მანდარინი გავიდა, ჯამში 21,489 მლნ დოლარის ღირებულების.