2023 წლის აგვისტოდან საქართველოში 2 ძირითადი ცვლილება ამოქმედდება. ერთი – მომხმარებელთა უფლებებს, ხოლო მეორე დაგროვებით საპენსიო სისტემას შეეხება.
ცვლილება „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში
2023 წლის 1-ლი აგვისტოდან, მოვაჭრისგან ინფორმაციის მიუღებლობის ან არასრულად მიღების შემთხვევაში, სათანადო შეტყობინების შემდეგ, სააგენტო მოვაჭრეს ჯარიმას დააკისრებს. ჯარიმის ოდენობა შეადგენს 500 ლარს. ჯარიმის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, იგივე ქმედების ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა შეადგენს 1 000 ლარს.
განისაზღვრა – სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრისადმი დასაკისრებელი ჯარიმის მინიმალური ოდენობა – 600 ლარი. (ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოვაჭრის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს).
დაგროვებითი საპენსიო სისტემა
აგვისტოდან დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ თავად აირჩიონ, რა რისკიანობის პორტფელში დაბანდდება მათი დანაზოგები.
2023 წლის აგვისტოდან დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ თავად აირჩიონ, რა რისკიანობის პორტფელში დაბანდდება მათი დანაზოგები. კერძოდ, თუ აქამდე მხოლოდ დაბალ რისკიანი საინვესტიციო პორტფელი არსებობდა, ახლა უკვე საშუალო და მაღალრისკიანიც დაემატება. 6 აგვისტოდან ჩვენ უნდა გვქონდეს, დაბალი, საშუალო და მაღალრისკიანი პორტფელები. დღევანდელი კანონით მოხდება ავტომატური რებალანსირება, ანუ მონაწილეები ასაკობრივი ჯგუფიდან გამომდინარე, გადანაწილდებიან საინვესტიციო პორტფელებში და მერე მათ ექნებათ სრული დისკრეცია (უფლება), რომ აირჩიონ სხვა საინვესტიციო პორტფელი.
დღევანდელი კანონის ჩანაწერით, 40 წლამდე ასაკის მონაწილეები მოხვდებიან მაღალრისკიანი პორტფელში, 40-დან 50-წლამდე საშუალო რისკიანში, ხოლო 50 წელს ზევით მონაწილეები – ნაკლებად რისკიან პორტფელში (ანუ არსებულ საინვესტიციო პორტფელში, რომელიც გვაქვს). შემდეგ, უკვე მონაწილეებს ექნებათ გონივრული ვადა, რომ ან დარჩნენ არსებულ საინვესტიციო პორტფელში, სადაც მოხდა მათი გადანაწილება ასაკობრივი ზღვრიდან გამომდინარე, ან აირჩიონ სხვა საინვესტიციო პორტფელი. არჩევის შემდეგ, იქნება 12-თვიანი ვადა (ეს იქნება ჩაკეტილი პერიოდი), ამის შემდეგ შეგიძლია სხვა არჩევანი გააკეთო.