საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, კვებითი მომსახურების სექტორში, მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, ჯამური ფასის მითითების სტანდარტი დაადგინა, შესაბამისად, თითოეული მოვაჭრე ვალდებულია – მკაფიო და გასაგები ფორმით, საცნობარო (კვების) მენიუში ცვლილება შეიტანოს და მომხმარებელს ინფორმაცია საქონლის საბოლოო (ჯამური) ფასის შესახებ მიაწოდოს, რომელშიც მითითებული იქნება დღგ და ყველა სხვა გადასახადი. მათ შორის, მომსახურების გადასახადი.
„სააგენტომ სტანდარტი დაადგინა – შპს „ლიმონი 2009“-ის (რესტორანი – რესპუბლიკა) საქმის შესწავლის პროცესში, სადაც მოვაჭრემ სააგენტოსთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. კერძოდ, „მომხმარებლის უფლებების დაცვის“ კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, მოვაჭრემ აიღო ვალდებულება – საქმიანობის შიდა პოლიტიკაში ცვლილებების განხორციელების შესახებ, რომელიც შეასრულა,“- აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.