დღის სიახლეებისიახლეები

Apple წარმოებისთვის ახალ ბაზრებს ეძებს

0
გაზიარება

უმსხვილესი ამერიკული კომპანია Apple სხვადასხვა მიზეზის გამო თავისი მოწყობილობების საწარმოებლად ახალ ქვეყნებს განიხილავს, რომელთა შორის ინდოეთი და ვიეტნამი არიან. ამის შესახებ სტატიას The Economist ავრცელებს.

კომპანიისთვის ბოლო ორი ათწლეული განსაკუთრებით წარმატებული იყო – ამ პერიოდში შემოსავალი 70-ჯერ, აქციების ფასი 600-ჯერ, საბაზრო ღირებულება კი 2.4 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც, მათ შორის, ჩინეთის ბაზრის დამსახურებაცაა. ჩინეთში მდებარე ქარხნები ახლა კომპანიის პროდუქციის 90%-ზე მეტს აწარმოებენ და იზიდავენ მომხმარებლებს, რომლებზეც, გარკვეულ წლებში, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის შემოსავლების მეოთხედი მოდიოდა. თუმცა ეკონომიკურმა და გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ აიძულა კომპანიას დააჩქაროს ჩინეთის ბაზრის დატოვება.

„შექმნილია Apple-ის მიერ კალიფორნიაში“ – Iphone-ის შეფუთვაზე ახლა ასე წერია, თუმცა კომპანიის მოწყობილობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იწყობა და ამაში დიდი წილი ჩინეთსაც უკავია, სადაც Apple-ისთვის ნაწილების მიმწოდებელი 150-მდე კომპანია ოპერირებს.

Apple-ის აღმასრულებელ დირექტორი, ტიმ კუკი დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა კარგ ურთიერთობას ჩინეთის მთავრობასთან, თანხმდებოდა მოთხოვნებს პროგრამების წაშლისა და ჩინელი მომხმარებლების მონაცემების ადგილობრივ დონეზე დატოვებასთან დაკავშირებით, რაც მათ ხელმისაწვდომს ხდის ხელისუფლებისთვის. კუკი, რომელიც 2019 წლის შემდეგ არ ყოფილა ჩინეთში, ახალ პარტნიორებს ეძებს. მაისში მან ვიეტნამის პრემიერ-მინისტრი, ფამ მინ ჩინი დააინტერესა, მომავალ წელს კი Apple თავის პირველ ფიზიკურ მაღაზიას გახსნის ინდოეთში, რომლის პრემიერი, ნარენდრა მოდი, ოქროს აიფონების მოყვარულია.ეს ორი ქვეყანა კომპანიის სტრატეგიული გადანაცვლების მთავარი ბენეფიციარია. 2017 წელს Apple-ს ინდოეთსა და ვიეტნამში 18 მსხვილი მიმწოდებელი ჰყავდა, გასულ წელს კი ეს რიცხვი 37-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, დაიწყო ინდოეთში ახალი Iphone 14-ის წარმოება, ვიეტნამში კი ფირმა Macbook-ების დამზადებასაც აპირებს.

Apple-ის ყურსასმენების ნახევარი მზადდება ვიეტნამში, JPMorgan-ის პროგნოზით, 2025 წლამდე ეს რიცხვი 75%-მდე გაიზრდება. ბანკის თანახმად, დღეს კომპანიის პროდუქტების მხოლოდ 5% მზადდება ჩინეთის გარეთ, 3 წელში კი მაჩვენებელი 25% იქნება.

Apple-ის საწარმოო სისტემის გადანაცვლებასთან ერთად, მისი მიმწოდებლებიც ტოვებენ ჩინეთს, რისი მანიშნებელიცაა ის, რომ ტაივანური ტექნოლოგიური ფირმების გრძელვადიანი აქტივები ქვეყანაში 43%-დან 31%-მდე შემცირდა 5 წელში.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ამისა საოპერაციო რისკების შემცირების სურვილია. კორონავირუსის პანდემიის დროს კომპანიებს ჩინეთში თვეების განმავლობაში მოუწიათ ქარხნების გაჩერება, რამაც მიწოდება შეაფერხა და მომხმარებლებამდე პროდუქტის მიტანა გაართულა. სწორედ ამგვარი ქაოსის თავიდან არიდებას ისახავს მიზნად Apple სამომავლოდ.

კიდევ ერთი მოტივი ხარჯებია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩინეთში საშუალო ხელფასი გაორმაგდა – 2020 წელს წარმოებაში დასაქმებული საშუალოდ 530 დოლარს იღებდა თვეში, რაც ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე ინდოეთსა თუ ვიეტნამში. ამასთან ერთად, ინდოეთში საგზაო ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის გადამცემი ქსელი გაუმჯობესდა, ვიეტნამი კი საგადასახადო შეღავათებსა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს სთავაზობს ბიზნესის კეთების მსურველებს. ვიზებთან დაკავშირებული ბიუროკრატია კვლავ ართულებს საქმეს, თუმცა სამუშაო ეთიკა აქაც ჩინეთის მსგავსია: „კონფუცი მაინც აიძულებთ მათ დილით ადრე საწოლიდან ადგომას“, – ამბობს ერთ-ერთი უცხოელი ადმინისტრატორი ვიეტნამში.

Apple ადგილობრივებს პოტენციურ მომხმარებლებადაც ხედავს, განსაკუთრებით კი ინდოეთში, რომელიც სმარტფონებისთვის სიდიდით მეორე ბაზარია. კომპანიის ძვირად ღირებული სმარტფონები ბევრი ინდოელისთვის მიუწვდომელია, თუმცა ესეც იცვლება – ივლისის ანგარიშის თანახმად, ბოლო კვარტალში შემოსავლები ინდოეთიდან თითქმის გაორმაგდა წლიურ ჭრილში.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!