კომპანია Apple-ი თავის ყოველ ახალ გაჯეტში ჯანმრთელობაზე ორიენტირებული ფუნქციების დამატებას ცდილობს. გამონაკლისი არც ახალი ჭკვიანი საათია, რომლის ახალ ვერსიას სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა შეეძლება.
უპრეცედენტო მონიტორინგის სისტემა ახლა “კონცეფციის დამტკიცების“ ეტაპზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტექნოლოგია მომავალში ბაზარზე გამოვა – ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
იმისათვის, რომ შესაბამისი ფუნქცია განახორციელოს, Apple-ი მუშაობს სპეციალურ ჩიპზე, რომელიც ლაზერის შუქს იყენებს და კანში შეღწევადობის შედეგად ორგანიზმში გლუკოზის დონეს განსაზღვრავს. სიახლე გატესტილია და გამართულად მუშაობს, ხოლო ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი დაპატარავება იმ ზომამდე, რომ არსებულ მოწყობილობაში მოთავდეს.
სისტემას შეეძლება დაეხმაროს არა მხოლოდ დიაბეტით დაავადებულებს მათი მდგომარეობის მონიტორინგში, არამედ გააფრთხილოს პრედიაბეტურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები და ურჩიოს მათ, ცხოვრების წესში ცვლილებები შეიტანონ.
მეცნიერები თანხმდებიან, რომ გლუკოზის არაინვაზიური მონიტორინგი თანამედროვე ტექნოლოგიებში დიაბეტით დაავადებულთათვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.