„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის ფარგლებში, შეირჩა და გამოქვეყნდა მეორე ეტაპზე აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს.
გამოქვეყნდა კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონების საძოვრების მონაცემები. სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან – 21, ახმეტის – 4, დედოფლისწყაროს – 64, საგარეჯოს – 12, ყვარლის – 3, ახალციხის – 4, ნინოწმინდის – 2, ბორჯომის – 2, მცხეთის – 3, ხოლო გორის მუნიციპალიტეტიდან – 1, სულ – 116 ერთეული.
მეორე ეტაპად გამოქვეყნებული საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო 22 ივნისს და გაგრძელდება 5 აგვისტომდე.
საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე [land.gov.ge; mepa.gov.ge], ასევე სააგენტოს ოფიციალურ ფბ გვერდზე.
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა. პროგრამა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ.