საქართველოს შინაგან საქმეთა სამნისტროს გადაწყვეტილებით, ავტომობილის მინების დამუქების წესი იცვლება. აღნიშნიშნული ცვლილების შესახებ ინფორმაცია, მინისტრის 2 ივლისის ბრძანებაშია აღნიშნული. ცვლილების მიხედვით, 3 ივლისიდან იცვლება წინა გვერდითა მინების დამუქების პროცენტულობა და ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები 40%-ის ნაცვლად, 60%-მდე დაამუქონ.
ცვლილების თანახმად, წინა გვერდითა მინების დამუქება დასაშვებია 60%-ით, უკანა გვერდითა მინების – 75%-ით, ხოლო წინა საქარე მინის – 30%-ით.
იმ შემთხვევაში თუ ავტომობილის წინა გვერდითა მინებზე შუქგამტარობა 60%-ზე, ხოლო უკანა გვერდითა მინებზე 75%-ზე მეტითაა შემცირებული, მესაკუთრეს გადაადგილებისთვის ესაჭიროება შს სამინისტროს სპეციალური თანხმობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომობილის მძღოლი/მფლობელი დაჯარიმდება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინების შუქგამტარობის შემცირება არაუმეტეს 10%-ით აღემატება ნორმებს, გამოიწვევს 100 ლარით, ხოლო იმ ავტომობილის მართვა, რომლის მინების შუქგამტარობის შემცირება 10%-ზე მეტით აღემატება ნორმებს – 500 ლარით დაჯარიმებას.
კანონის პირველადი რედაქციით, დამუქებულად ითვლებოდა თუ ავტომობილის წინა საქარე და წინა გვერდითა მინებზე შუქგამტარობა 40%–ზე მეტით იყო შემცირებული, უკანა გვერდითა მინებზე კი 75%-ით. მოგვიანებით, 2024 წლის მარტში ეს წესი შეიცვალა და დამუქებულად ითვლებოდა წინა გვერდითა მინებზე შუქგამტარობის 40%-ზე მეტით, წინა საქარე მინაზე 30%-ით, ხოლო უკანა გვერდითა მინებზე – 75%-ზე მეტით შემცირება. შს მინისტრის 2 ივლისის ბრძანებით კი, დამუქებულად ითვლება და შესაბამისად, დაჯარიმებას ექვემდებარება (სპეციალური ნებართვის არ არსებობის შემთხვევაში) იმ ავტომობილით გადაადგილება, რომლის წინა გვერდითა მინებზე შუქგამტარობა 60%-ზე მეტით არის შემცირებული. საქარე და უკანა გვერდითა მინებზე კი ეს მაჩვენებელი უცვლელად კვლავ 30% და 75%-ს არ უნდა აღემატებოდეს.