- ანა ფრანკის დღიური
ანა ფრანკის დღიური მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არამხატვრული ტექსტია. ის 70-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი და 30 მილიონზე მეტ ეგზემპლარადაა გაყიდული.მიუხედავად იმისა, რომ ანა სწორედ ამაზე, წარმატებულ სამწერლო კარიერაზე ოცნებობდა, თავისი დღიურის პოპულარობას არ მოსწრებია.
ანა ფრანკი — დღიური გოგოს ნამდვილი ამბავზე, რომელიც დღემდე რჩება მეორე მსოფლიო ომისა და ჰოლოკოსტის საშინელებების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მტკიცებულებად. “არ იცოდა, რომ კვდებოდა” — ამბავი ქალისა, რომელმაც მომაკვდავი ანა ფრანკი ნახა როცა 2-წლიანი მალვის შემდეგ, ფრანკების ოჯახი ნაცისტებმა დააპატიმრეს და საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნეს, ანას დღიური მამის მეგობარმა და თანამშრომელმა იპოვა, ომის დასრულების შემდეგ კი ოჯახის ერთადერთ გადარჩენილ წევრს, ოტო ფრანკს გადასცა. ოტომ გადაწყვიტა, გარდაცვლილი შვილის ოცნება აესრულებინა და გამოეცა დღიური, რომელიც ნაცისტური რეჟიმის მიერ ებრაელების დევნას დაუფარავად ასახავდა.
- ჯეინ ოსტინის გონების ხმა
გონების ხმა ჯეინ ოსტინის ბოლო დასრულებული რომანია. ის ნორთენგერის სააბატოსთან ერთად გამოიცა მწერლის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ. ნორთენგერის სააბატო ოსტინმა 1799 წელს დაასრულა, მწერლის პირველი ნამუშევარი იყო, რომლის დაბეჭდვასაც გამომცემელი დათანხმდა — ეს ჯერ კიდევ 1803 წელს მოხდა, ოსტინი კი 1817-ში გარდაიცვალა. აღსანიშნავია რომ გარდაცვალებამდე მწერალი მუშაობდა წიგნზე, სახელად სანდიტონი. ოსტინმა მისი დამთავრება, სამწუხაროდ, ვერ მოახერხა, თუმცა, მომდევნო საუკუნეში ნაწარმოების დაუსრულებელი ვერსია მაინც გამოიცა, რომელიც, სხვათა შორის, ქართულადაც ითარგმნა.
- მიხაილ ბულგაკოვის ოსტატი და მარგარიტა
მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანის პირველი ხელნაწერი ცეცხლმა ჩაყლაპა — პირდაპირი მნიშვნელობით. ოსტატი და მარგარიტა ბულგაკოვმა 1928 წელს დაიწყო, თუმცა, ორი წლის შემდეგ ტექსტი დაწვა, რადგან სტალინისეული ცენზურის პირობებში საბჭოეთში თავისი, როგორც მწერლის მომავალს, ვერ ხედავდა. ამის მიუხედავად, 1931 წელს იგი წერას ხელმეორედ შეუდგა და 1940 წელს გარდაცვალებამდე რომანის რამდენიმე სხვადასხვა ვერსია შექმნა.
საბოლოოდ, წიგნმა დღის სინათლე ლამის ორი ათწლეულის შემდეგ იხილა. თავდაპირველად, ის დაცენზურებული სახით ქვეყნდებოდა ლიტერატურულ ჟურნალში, მალევე კი ქვეყნის საზღვრებსაც გასცდა და საფრანგეთში გამოიცა. წლების განმავლობაში ოსტატი და მარგარიტა კიდევ არაერთხელ დაიბეჭდა, თუმცა, ავტორისეული, დაუცენზურებელი ვერსია მკითხველმა მხოლოდ 1973 წელს, მწერლის გარდაცვალებიდან 33 წლის შემდეგ წაიკითხა.
- სილვია პლათის არიელი
გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამერიკელი პოეტი ქალი 1963 წელს, სუიციდის შედეგად გარდაიცვალა. ხანმოკლე სიცოცხლის -30 წლის, განმავლობაში, პლათმა ლექსების ერთადერთი კრებული და რომანი ზარხუფი გამოსცა. თუმცა, სილვიას უამრავი გამოუქვეყნებელი ლექსი თუ სხვა ნაწერი დარჩა. ვიცდი და მტკივა — სიტყვებსა და ფოტოებში ასახული სილვია პლათის ტრაგიკული ცხოვრება
სილვია პლათი: როგორ განსაზღვრა პოეტის სიკვდილმა მისი შემოქმედება
მკითხველისთვის უცნობი ლექსების შეკრება და გამოცემა პლათის ყოფილმა ქმარმა, ტედ ჰიუზმა, ითავა. კრებული არიელი, რომელმაც პოეტის სულიერი წუხილის შესახებ დაწერილ ყველაზე ცნობილ ლექსებს მოუყარა თავი, სილვიას გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, 1965-ში, გამოიცა. 2004 წელს გამოქვეყნდა მისი ახალი და შევსებული გამოცემა, რომელსაც თან დაერთო ჰიუზისა და პლათის შვილის, ფრიდა ჰიუზის, წინასიტყვაობაც.
- სტიგ ლარსონის მილენიუმის საგა
შვედი ჟურნალისტი სტიგ ლარსონი გეგმავდა, რომ 10 წიგნისგან შემდგარი დეტექტიური სერია დაეწერა. ავტორმა მოიცადა, სანამ ორ წიგნს დაასრულებდა — მესამე მაშინ ნაწილობრივ ჰქონდა დაწერილი — და ტექსტი გამომცემლებს გაუგზავნა. სამწუხაროდ, იგი არათუ სერიის წარმატებას, მის გამოქვეყნებასაც არ მოსწრებია — მწერალი გულის შეტევისგან 2004 წელს გარდაიცვალა. საგის პირველი წიგნი, ქალთმოძულე კაცები (მსოფლიოსთვის ცნობილი, როგორც გოგონა დრაკონის ტატუთი) ლარსონის სიკვდილიდან მალევე გამოიცა შვედურად, სამი წლის შემდეგ კი ინგლისურადაც ითარგმნა და ნამდვილ მსოფლიო ფენომენად იქცა. სერია 80 მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა, ამბის მიხედვით კი რამდენიმე ფილმიც გადაიღეს. წლების შემდეგ, მილენიუმის საგა ჟურნალისტმა დავიდ ლაგერკრანცმა განაგრძო. მან სერიის მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ნაწილები დაწერა. 2021 წლის დეკემბერში კი ცნობილი გახდა, რომ საგას კიდევ სამ წიგნს შვედი მწერალი, კარინ სმირნოფი, შემატებს.
- ფრანც კაფკას პროცესი
სწავლის დასრულების შემდეგ, ფრანც კაფკა სადაზღვევო აგენტად მუშაობდა, როდესაც ის ტუბერკულოზით დაავადდა სამსახურის გაგრძელებას ვეღარ შეძლო. თავისუფალ დროს იგი ბევრს წერდა და სიცოცხლის განმავლობაში არაერთი მოთხრობაც გამოაქვეყნა, მათ შორის — ყველაზე ცნობილი მეტამორფოზა. კაფკა თავისი არცერთი რომანის გამოქვეყნებას არ მოსწრებია. მეტიც — გარდაცვალებამდე მან თავის მეგობარს, მაქს ბროდს, დაუბარა, რომ ყველა ნაწერი გაენადგურებინა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ბროდს დიდი გერმანულენოვანი მწერლის ანდერძი არ აღუსრულებია და ერთიმეორის მიყოლებით გამოიცა კაფკას სამი, დღეს უკვე კლასიკად ქცეული რომანი: პროცესი, ციხესიმაგრე და ამერიკა.