კანონპროექტით ტურისტული მომსახურების სფეროში ახალი რეგულაციები შემოდის, რომლის შედეგად, სსიპ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ზედამხედველის ფუნქციები ენიჭება.
კანონპროექტის თანახმად, ტუროპერატორი და კომბინირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებული ხდება, შესაძლო გადახდისუუნარობის შემთხვევისთვის, ფინანსური უზრუნველყოფა იქონიოს. კერძოდ, მათ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას უნდა წარუდგინონ შესაბამისი უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი), რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სპეციალურ რეესტრში აისახება.
კანონპროექტის მიხედვით, ტუროპერატორი, რომელიც ორგანიზებას უკეთებს ისეთ პაკეტებს, რომლებიც მოიცავს საქართველოს გარეთ ტურისტული მომსახურებებს და ჩარტერულ ფრენებს, ვალდებულია, ფინანსური უზრუნველყოფის სახით იქონიოს პაკეტების დაგეგმილი წლიური გაყიდვების არანაკლებ 7%-ისა, მაგრამ არანაკლებ 30 000 ლარისა. ამასთან, იგივე ფინანსური გარანტიაა გათვალისწინებული იმ ტურაგენტებისთვისაც, რომელიც კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ტუროპერატორის მიერ შექმნილი პაკეტის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტებს სთავაზობს ასეთ პაკეტს ან ასეთი ტუროპერატორის სახელით ყიდის ამ პაკეტს.
ტურიზმის სექტორს კანონთან დაკავშირებით არაერთი შენიშვნა ჰქონდათ, რომელსაც განხილვების დროსაც აფიქსირებდნენ, მაგალითად, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის გამყვანი ტურიზმის კომიტეტის ხელმძღვანელი ზურაბ ნაროუშვილის თქმით, ფინანსური უზრუნველყოფისა და საბანკო გარანტიების წარდგენის ვალდებულება ბიზნესისთვის მძიმე წნეხია. ნაროუშვილი აცხადებს, რომ პროცესში უნდა გაჩნდეს მესამე პირის პასუხისმგებლობაც, რადგან ტურის დაგეგმვის პროცესში ტურისტული კომპანიის გარდა, სხვა ბიზნესებიც არიან ჩართული და პასუხისმგებლობა გადასანაწილებელია.
საქართველოს ტურისტული გილდიის აღმასრულებელი დირექტორი და სერტიფიცირებული გიდის ნატალია ნონიკაშვილის შეფასებით, ტურიზმის შესახებ კანონპროექტი დარგის წარმომადგენლების ინტერესებს არ იცავს. ნონიკაშვილი თვლის, რომ დარგის მარეგულირებელი დოკუმენტი სექტორის წარმომადგენლებს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს, მაშინ როდესაც კანონი სუბიექტებს შორის ურთიერთობას ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით უნდა არეგულირებდეს.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც ტურიზმის შესახებ კანონი მოიცავს, გიდების ნებაყოფლობითი სერტიფიცირებაა. კანონპროექტში გათვალისწინებულია დამატებითი სტიმულები სერტიფიცირებული გიდებისთვის. მაგალითად, ტურისტული გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი მოწმობის მფლობელი პირი თავისუფლდება სახელმწიფო მუზეუმებსა და დაცულ ტერიტორიებზე შესვლისათვის დაწესებული გადასახდელისაგან.