„ბალავარი“ 2016 წლიდან აწარმოებს კლასიკური ხაზის ღვინოს, ხოლო 2017 წლიდან ქვევრის ღვინის წარმოება დაიწყო.
„ბალავარის“ მეღვინეობა კახეთის რეგიონში, შირაქის ველის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ქედზე მდებარეობს. საუკეთესო ღვინის საწინდარი კარგად მოვლილი ვენახია. ვაზის სიყვარული კი „ბალავარის“ დამფუძნებელს – ნიკოლოზ ბენიაიძეს ჯერ კიდევ ბავშვობიდან მოჰყვება, როდესაც ის ვენახის მოვლასა და რთველში უფროსებს ეხმარებოდა. მაშინ, როდესაც მეღვინეობის და მევენახეობის მრავალწლიანი კულტურა დაკარგვის პირას იყო მისული და ხალხმა, 90-იანი წლების მძიმე ეკონომიკური პირობების გამო, გაჩეხილი ვენახების ადგილას მარცვლეული კულტურების მოყვანას მიჰყო ხელი, ნიკოლოზ ბენიაიძემ პროფესიულ დონეზე დაიწყო მევენახეობა-მეღვინეობის შესწავლა. მეგობრებთან ერთად შეუდგა მიტოვებული ვენახების აღდგენას, მოგვიანებით კი სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ნამყენის გამოყვანა და ახალი ვენახების გაშენება დაიწყო.