ბათუმის შემოვლითი გზა 2024 წლის ზაფხულის სეზონამდე გაიხსნება – ირაკლი ქარსელაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
სამინისტროს ინფორმაციით, გზის გახსნა ბათუმსა და მის შემოგარენში არსებულ რთულ სატრანსპორტო ვითარებას მნიშვნელოვნად განმუხტავს, რაც განსაკუთრებით ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ქალაქის გარშემო მრავალსაათიან საცობებს წარმოშობდა.
ბათუმის შემოვლითი გზის სიგრძეა 14 კილომეტრი და ის 20 ხიდისა და 5 გვირაბისგან შედგება. ამ დროისთვის ხუთივე გვირაბი გაჭრილია, ხოლო 20-დან 19 ხიდი უკვე აშენებულია.
“ბათუმის შემოვლითი გზის ურთულესი პროექტი, რომლის მშენებლობა მიმდინარეობს რთულ გეოლოგიურ პირობებში, ბევრი გამოწვევის მიუხედავად წელს დასრულდება. კიდევ უფრო დიდი ძალისხმევის და გაზრდილი რესურსების პირობებში, შესაძლებელი იქნება აღნიშნული გზის სეზონისთვის გახსნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბათუმისთვის. ხუთივე გვირაბი გაჭრილია, სამ გვირაბში უკვე დასრულებულია მოსახვა, საფარის დაგება. მიმდინარეობს საინჟინრო ქსელების მონტაჟი, დარჩენილ ორ გვირაბში გრძელდება მოსახვის სამუშაოები. 20 ხიდიდიდან 19 – აშენებულია. გარდა ამისა, ეწყობა საფარი და ეს ყველაფერი ხელშესახებს ხდის იმას, რომ წელს ნამდვილად დასრულდება ბათუმის შემოვლითი გზის ურთულესი პროექტი“ – განაცხადა მინისტრმა ბათუმის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
გზის სამშენებლო ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2017 წლის აგვისტოში გაფორმდა. პროექტს თურქული სამშენებლო/საინჟინრო კომპანია POLAT YOL & MAPA ასრულებს, ხოლო სამუშაოების ღირებულება 329.6 მილიონ ლარს შეადგენს. კონტრაქტის მიხედვით, ახალი გზა ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა კონტრაქტორის მიერ პროექტის დაბალი ათვისების, ასევე რთული გეოლოგიური პირობების გამო, ის 4 წლით გაჭიანურდა.