თბილისში, ორბელიანის მოედანზე, ისტორიული ბაზრის ტერიტორიაზე, რეგიონის მასშტაბით უნიკალური კონცეფციის – „ბაზარი ორბელიანზე“ გაიხსნა.
„ორბელიანის ბაზარი“ 3 სართულზე, ჯამში, 10 000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. პირველი სართული, სრულად, აგრარულ ბაზარს ეთმობა, სადაც 100-მდე წერტილში პროდუქტები დასახელების მიხედვით იქნება განთავსებული. მეორე სართული 35 კვების ობიექტს გააერთიანებს, როგორც ქართული, ასევე მსოფლიო წამყვანი სამზარეულოებით. მესამე სართულზე ბაზარში მოსულ სტუმრებს ტერასა მოემსახურებათ. გარდა ამისა, ამავე სივრცეში კულინარიული სკოლა ამოქმედდება, რომელიც ქართული გასტრონომიის განვითარებას შეუწყობს ხელს.
„ბაზარი ორბელიანზე“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, უახლოეს მომავალში კულინარიული სკოლა – „ბაზარი გასტრო სკოლა“ ამოქმედდება, სადაც ყველა დაინტერესებულ ადამიანს მასტერკლასებზე დასწრების შესაძლებლობა ექნება. ასევე, ბაზარი ორბელიანის ტერიტორიაზე მომხმარებლებს დახვდებათ სხვადასხვა სივრცე, სადაც იქნება საჩვენებელი წარმოება (კერამიკა, მინანქარი, მინა, პურის ცხობა, ჩურჩხელის ამოვლება და ყველის ამოყვანა).
„ბაზარი ორბელიანზე“ სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი და უკვე საერთაშორისო ბრენდებად ქცეული ისეთი პოპულარული ბაზრების კონცეფციას ეფუძნება, როგორებიცაა: Eataly, Mercado, Time out Market, Chelsea Market და სხვა.