კრიპტოვალუტების საერთაშორისო ბირჟაზე ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 1.18 ტრილიონ დოლარს აღწევს, რაც 24 საათში თითქმის 2.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ბიტკოინის ფასმა 28,500-დოლარიან ნიშნულს მიაღწია, რაც 2022 წლის ივლისის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია. ერთ დღეში ბიტკოინი თითქმის 3%-ითაა გაძვირებული, ერთ კვირაში კი მატების მაჩვენებელი 13%-ს აღწევს. კრიპტოაქტივის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 545 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ეთერიუმის ფასი 1,800 დოლარის ფარგლებში მერყეობს, მისი კაპიტალიზაცია კი დაახლოებით 220 მილიარდ დოლარს შეადგენს. ერთ კვირაში ეთერიუმის ფასი 6%-ითაა გაზრდილი.
აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება სხვა კრიპტოვალუტებთან მიმართებითაც, მაგალითად: XRP-ის ფასი 22%-ით გაიზარდა; Cardano-ს ღირებულებამ 9%-ით მოიმატა; BNB-ის ფასი კი თითქმის 8%-ითაა გაზრდილი.
კრიპტოაქტივების გაძვირება პირდაპირ კავშირშია ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის სამომავლო გადაწყვეტილებასთან. მსხვილი ბანკების გაკოტრების ფონზე, არსებობს იმის რეალური შანსი, რომ FED-მა რეფინანსირების განაკვეთი დაგეგმილზე 25 საბაზო პუნქტით ნაკლებად გაზრდის. აგრეთვე არ არის გამორიცხული, რომ ფედერალური რეზერვი წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების სტრატეგიაზეც გადაერთოს, რაც, ცხადია, დადებითად აისახება კრიპტოაქტივების ფასებზე.